Using QGIS

ამ ტრენინგით გავეცნობით გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების მეშვეობით სივრცითი მონაცემების შექმნის, ანალიზის და ვიზუალიზაციის საწყისებს. ამისთვის, გამოვიყენებთ ისტორიულ მონაცემებს საბჭოთა ტოპოგრაფიული რუკის სახით (1:2000 მასშტაბით) და შევასრულებთ მონაცემთა დიგიტალიზაციის სახელით ცნობილ ოპერაციებს. მანამდე, მოკლედ გავეცნოთ GIS პროგრამას, მის დაყენებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს და ბოლოს, მისი მუშაობის პრინციპებს.

პროგრამის შესახებ

QGIS ან Quantum GIS წარმოადგენს უფასო გეოსაინფორმაციო სისტემას და არის სივრცითი ანალიზისა და მოდელირების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროგრამა მსოფლიოში. თავისი არსით, იგი კომერციული პროგრამის ArcGIS ალტერნატივაა, რამეთუ იქმნება და ვითარდება ღია სამეცნიერო და მოხალისეობრივ საწყისებზე. უფრო მეტი QGIS-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ პროექტის მთავარ გვერდზე.

სურვილის შემთხვევაში, დამწყები მომხმარებლებისთვის არსებობს ზოგადი გზამკვლევი, ტრენინგის სახელმძღვანელო და ტუტორიალები.

საჭიროებიდან გამომდინარე, ჩვენ ტრენინგის სახელმძღვანელოს მხოლოდ ერთ ნაწილს დავეყრდნობთ და ვკონცენტრირებდით ვექტორული ინფორმაციის შექმნაზე, შენახვასა და ვიზუალიზაციაზე.

ინსტალაცია

QGIS მუშაობს Windows, macOS, Linux და Android პლატფორმებზე. სასურველია, ამ კონკრეტული დავალებისთვის გადმოვწეროთ და დავაყენოთ ნებისმიერი ვერსია QGIS 3.16.0 ან ზემოთ. უახლესი, QGIS 3.22 ვერსიის დაყენებისგან უმჯობესია თავი შევიკავოთ, რადგან ახალი რელიზია და შესაძლებელია ჯერ კიდევ არ მუშაობდეს სტაბილურად.

საინსტალაციო ფაილები:
* Windows სისტემისთვის იხილეთ აქ
macOS სისტემისთვის იხილეთ აქ

* შენიშვნა
Windows სისტემისთვის განკუთვნილ გვერდზე გადასვლისას არ დაგაბნიოთ საინსტალაციო ფაილის სახელწოდებამ. სასურველი ფაილის სახელი გვხვდება QGIS-OSGeo4W ფორმით, რომელსაც მოსდევს ვერსიის ნომერი, მაგალითად 3.16.7-1 და ბოლოვდება .exe ან .msi ფორმატის აღმნიშვნელით.

მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის ინსტალაცია მარტივია და არანაირი დამატებითი მანიპულაცია არ სჭირდება, ვიდეო ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ

უფრო მეტი?

GIS-ის, როგორც მონაცემების შეგროვების, ანალიზის, ვიზუალიზაციისა და ზოგადად, კვლევის ერთ-ერთი მეთოდის შესახებ იხილავთ ამ ბმულზე.