ურბანული ინფრასტრუქტურა
ინფრასტრუქტურის ხილული თუ უხილავი ელემენტები
თბილისის ტრამვაის ქსელი 1960-იანებში
1950-იანი წლებიდან, საბჭოთა მასშტაბური საცხოვრისის პროექტები, 'მიკრორაიონის' ფორმით, კონცენტრირებული იყო ახლად გაშენებულ უბნებში, ცენტრიდან მოშორებით. ახალი საცხოვრებელი უბნები, ქალაქის სხვადასხვა წერტილში არსებულ მსხვილ ინდუსტრიულ ზონებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ძირითადად ტრამვაით უკავშირდებოდა. კერძო ავტომობილზე წვდომა იმ პერიოდისთვის მოსახლეობისთვის საკმაოდ შეზღუდული იყო სხვადასხვა მიზეზთა გამო.
ინფრასტრუქტურული წყვეტა და
ქსელური ინფრასტრუქტურა თბილისში
უკანასკნელი 30-40 წლის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის მსხვილმასშტაბიანი ურბანული ინფრასტრუქტურა, რომელიც ადრე სახელმწიფოს თუ ქალაქის მმართველობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენდა, ნეოლიბერალური რეფორმების შედეგად კერძო, მოგებაზე ორიენტირებული აქტორების ხელში გადავიდა. ისეთი მსხვილი სექტორები, როგორებიცაა საქალაქო ტრანსპორტი, ტელეკომუნიკაცია, ელექტრო ენერგია თუ წყალმომარაგება, დაექვემდებარე საბაზრო ეკონომიკის კანონებს და თანდათან "დანაწევრებული" ხასიათი შეიძინა, რომელზე ხელმისაწვდომობაც სულ უფრო შეეზღუდა მოსახლეობის დაბალ სოციო-ეკონომიკურ ფენებს (Graham and Marvin, 2001).
ა. წყალმომარაგება თბილისში
ბოლო 15 წლის განმავლობაში [თბილისში] სასმელი წყლის ინფრასტრუქტურაში გატარებულმა რეფორმებმა და ამ სისტემის პრივატიზაციამ ერთი შეხედვით, გააუმჯობესა ამ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა ქალაქის მასშტაბით, რამეთუ ის ეტაპობრივად გადავიდა 24 საათიან მიწოდებაზე. მიუხედავად ამისა, დღემდე, წყალსადენის ქსელზე მუდმივად ხდება დაზიანებები, რომელთა შედეგად ყოველდღიურად, რამდენიმე საათით/დღით იზღუდება წყალმომარაგება ქალაქის სხვადასხვა ნაწილში.
ერთი მხრივ, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კერძო კომპანიის ინტერესის ნაკლებობით, განახორციელოს გრძელვადიანი ინვესტიციები მოძველებულ ინფრასტრუქტურაში. ამ შემთხვევაში მისთვის, როგორც საბაზრო ეკონომიკური ლოგიკით მოქმედი აქტორისთვის, ლოკალური შეკეთებების მეშვეობით დანახარჯების შემცირება და მოგების გაზრდა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე მოქალაქეთა უწყვეტი წყალმომარაგება გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით. სახელმწიფოს მიერ კერძო ოპერატორისთვის დათმობილი ბუნებრივი მონოპოლია სწორედ ის თავისუფლებაა, რომელიც აძლევს მას საშუალებას არ იფიქროს მომხმარებლის დაკარგვაზე, რადგან ამ შემთხვევაში, სუპერმარკეტში პროდუქციის არჩევის მსგავსი თავისუფლება ჩვეულებრივ მოქალაქეს არ აქვს. ის იძულებულია მიიღოს ის მომსახურება, რასაც მას სთავაზობენ. მეორე მხრივ, დაზიანებების ლოკაციისა და პერიოდულობით თუ ვიმსჯელებთ, ისინი ხშირია ისეთ უბნებში, სადაც გაცილებით მაღალია სიმჭიდროვე. შედეგად, მიმდინარე თუ დასრულებული დეველოპერული პროექტებით გამოწვეული დატვირთვა წყალსადენის ქსელზე, რომელიც გათვლილია გაცილებით დაბალი ინტენსივობის განაშენიანებაზე, იწვევს ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოსვლას და მომსახურების შეწყვეტას. ქვემოთ მოცემულია 2019 წელს წყალსადენის ინფრასტრუქტურაზე ყოველდღიურად მომხდარი დაზიანებების ვიზუალიზაცია რაიონების მიხედვით.
მონაცემები:ვიკიპედია; თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და GWP