სპორტის სასახლე

უკანასკნელი ათწლეულების “განვითარების” ფიზიკური გამოსახულება

ფოტო: idea.tbilisi.gov.ge

სპორტის სასახლე და მისი მიმდებარე ტერიტორია ქალაქის დაურეგულირებელი ურბანული განვითარების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ამ ტერიტორიის ინტენსიური განაშენიანება ადრეულ 2000-იან წლებში დაიწყო. არსებული განაშენიანება მშენებლობის დაბალი ხარისხით და ხშირად უფუნქციობით (როგორც ცნობილია, მიწისქვეშა პარკინგების ნაწილი მრავალი წელია დატბორილია მიწისქვეშა წყლებით) გამოირჩევა, თუმცა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა ორი ათწლეულია მიმდინარეობს. შედეგად, ნელ-ნელა დაიკარგა საჯარო სივრცე თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის, სპორტის სასახლის გარშემო. ახლადშექმნილ, მაღალი სიმჭიდროვის მქონე უბანში, საფეხმავლო სივრცეებიც კი აღარ დარჩა. ისინი ძირითადად ავტომობილებმა დაიკავეს. დეველოპერებს არც სხვა ბიზნეს-წრეები ჩამორჩნენ და მოედანზე არსებულ სხვადასხვა ტიპის საზოგადოებრივ სივრცეებს, გზებს, ტროტუარებს თუ სკვერებს, პირადი მოგების მიზნით, ეტაპობრივად დაეპატრონნენ.

2017 წლის ფოტოზე მონიშნულია:

  1. Mc Drive (მიითვისა ტროტუარი და სკვერი);
  2. Spar (მიითვისა ტროტუარი);
  3. King David პრემიუმ აპარტამენტები და ბიზნეს ცენტრი (მიითვისა მწვანე სივრცე, მოჭრა კლდე);
  4. Wendy’s (მიითვისა ტროტუარი);
  5. Holiday Inn პარკინგი (მიითვისა სავალი გზის ნაწილი).

სიმპტომატურია ისიც, რომ ქალაქის მერი 2013-2017 წლებში, დავით ნარმანია, მერობის პერიოდში სწორედ ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდა.

Avatar
გიორგი კანკია
ურბან გეოგრაფი და ქალაქმგეგმარებელი
შემდეგი პოსტი
წინა პოსტი