ცხოვრების ხარისხი ქალაქად

გლობალური რეიტინგები

გლობალური რეიტინგები, რომლებიც ქალაქებს "სიცოცხლისუნარიანობის", "მიმზიდველობის" თუ "შეჯიბრებითობის" კრიტერიუმების მიხედვით ალაგებენ, ბოლო რამდენიმე ათწლეულში ურბანულ პოლიტიკასა და გეგმარებაში დამკვიდრებული ნეოლიბერალური დღის წესრიგის გამოძახილია. ეს რეიტინგები ემსახურება გლობალური ბიზნეს აქტორების ინტერესებს და წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს, მათთვის ხელსაყრელი პირობების მქონე ქალაქებში განახორციელონ ინვესტიციები. მერსერისა თუ ეკონომისტის რეიტინგები სწორედ ასეთ მიზნებს ემსახურება და ისინი ნაკლებად ან საერთოდ არ წარმოადგენენ ამა თუ იმ ქალაქში ცხოვრების რეალური დონის გამზომველ ხელსაწყოს. ყოველწლიური რეიტინგებისა თუ ანგრაშების შეზღუდული ხელმისაწვდომობა, სწორედ მათ ექსკლუზიურობაზე მიუთითებს. კრიტიკული ურბანული თეორიის ერთ-ერთ ამოსავალ წერტილს ქალაქებში ინდივიდის ცხოვრების ყოველდღიური გამოცდილებების შესწავლა წარმოადგენს, რომელიც მსგავსი სტანდარტიზებული და მკაცრად რაოდენობრივ ჩარჩოებში მოქცეული ანგარიშების ყურადღების მიღმა რჩება.

ქვემოთ მოცემული გრაფიკი ქალაქების ცხოვრების ხარისხს აფასებს ზემოთხსენებულ ინდიკატორებისგან განსხვავებით, საყოველთაოდ ხელმისაწვდომ Numbeo -ს მონაცემებზე დაყრდნობით. მიუხედავად იმისა, რომ ეს მონაცემები მათი შეგროვების ფორმიდან გამომდინარე შესაძლებელია არ იყოს სრულყოფილი, სანდოობის გარკვეულ დონეს სწორედ ჩვეულებრივი, ინფორმაციის პირველი წყაროდან მოპოვებული მაჩვენებლები განაპირობებს.

რგოლის ზომა განსაზღვრულია ბინის ქირის ინდექსის, ხოლო გრაფიკზე მისი პოზიცია, ადგილობრივი მსყიდველუნარიანობის ინდექსისა და ცხოვრების სიძვირის მიხედვით. რაც უფრო მაღლა და მარჯვნივ არის მოქცეული ქალაქი, იქ ცხოვრება ზოგადად ძვირია, თუმცა მოსახლეობის მაღალი მსყიდველუნარიანობის ხარისხი გარკვეულწილად აბალანსებს მას. ამ კლასტერში ძირითადად თავმოყრილია ევროპული და ჩრდილო ამერიკის პოსტ-ინდუსტრიული ქალაქები, აზიისა და ოკეანეთის რამდენიმე მაღალგანვითარებული ეკონომიკის მქონე ქალაქების გასწვრივ. თუმცა ეს არ ნიშნავს გადაჭრით იმის მტკიცებას, რომ აქ ცხოვრების ხარისხი მაღალია. რგოლების ზომების მიხედვით, საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა, რაც ღირსეულად ცხოვრების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია, ამ ქალაქებში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

როგორც მეორე გრაფიკზე ჩანს გამოკვეთილად, პოსტ-საბჭოთა ქალაქები ევროპის (და მსოფლიოს) მასშტაბით საცხოვრებლად ყველაზე იაფ ქალაქებს განეკუთვნება, თუმცა ამასთანავე, მნიშვნელოვნად დაბალია ადგილობრივი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაც. ეს გარემოება კი თავის მხრივ, ხშირ შემთხვევაში, სულაც არ ხდის ამ ქალაქებში სრულყოფილი ცხოვრების შესაძლებლობებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ქალაქები, ისევე როგორც ინდივიდები, ცოცხალი, ერთმანეთისგან განსხვავებული ორგანიზმებია. მათი სტანდარტიზებული ცვლადების მიხედვით განხილვა ცხოვრების ხარისხის შესაფასებლად და ამის მიხედვით, რეიტინგების მკაცრ ჩარჩოებში ჩასმა, ვერ მოგვცემს ზუსტ სურათს ამა თუ იმ ქალაქში ცხოვრების დონის შესახებ, ინდივიდუალური ფაქტორის გათვალისწინების გარეშე. ეს კი, მეთოდოლგიურ სირთულეებთანაა დაკავშირებული.

გამოყენებული პროგრამები: Plot.ly library in Python
მონაცემები: Numbeo
Avatar
გიორგი კანკია
ურბან გეოგრაფი და ქალაქმგეგმარებელი
შემდეგი პოსტი