უნივერსიტეტის მეტროსადგური
კოლექტიურ ტრანზიტზე ორიენტირებული განვითარების თბილისური მოდელი
უნივერსიტეტის მეტროსადგური ჯერჯერობით ერთადერთია, რომელიც 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლისა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გაიხსნა. დაახლოებით 30 წლის განმავლობაში კონსერვაციის პირობებში მყოფი ინფრასტრუქტურის განახლებაზე ძირითადად საერთაშორისო დონორების მეშვეობით მოზიდული თანხები დაიხარჯა. მას შემდეგ რაც, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ჯერ კიდევ ადრეულ 2010-იან წლებში დაიწყო მეტროსადგურის განახლებაზე აქტიური საუბრები, დეველოპერებმა თანდათანობით დაიწყეს მიმდებარე ტერიტორიების ათვისება საცხოვრებელი კომპლექსების ასაშენებლად. განახლებული სადგური გაიხსნა 2017 წლის მიწურულს და ამ დროისთვის მის მიმდებარედ ადრე არსებული ღია და სარეკრეაციო სივრცეები უკვე აღარ არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მეტროს ქსელის განვითარება დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტრანსპორტის ხელმისაწვდომობაზე, ამ შემთხვევას მაინც ვერ დავარქმევთ საზოგადოებრივ ტრანზიტზე ორიენტირებულ განვითარებას (TOD), რადგან ეს პროცესი ქაოტურ ხასიათს ატარებს. მეტროსადგურის განახლება ამ ტერიტორიის განვითარებაში მუნიციპალიტეტის ჩართულობის ერთადერთი შემთხვევაა. შედეგად, მასთან მისასვლელი მოსახერხებელი საფეხმავლო კავშირები (TOD მიდგომის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი) ხშირ შემთხვევაში გადაკეტილი ან მითვისებული აქვს სამშენებლო მოედნებს, ავტოსამრეცხაოებს, პარკინგს და საცალო ვაჭრობის ობიექტებს.