გმირთა მოედანი

ძვირადღირებული ინფრასტრუქტურა და ბუნებრივი კატასტროფა

ფოტო: GHN

გმირთა მოედანმა ბოლო რამდენიმე წელიწადში მნიშნველოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. 2011 წელს აშენდა ორდონიანი ესტაკადა, რომლის ერთ ნაწილიც დაუკავშირდა მდინარე ვერეს ხეობაში ასევე ახალაშენებულ მაგისტრალს. 115 მლნ ლარად შეფასებული ინფრასტრუქტურის შექმნის მთავარ მიზანს ქალაქის საცობებისგან განტვირთვა წარმოადგენდა (ყოველ შემთხვევაში, ეს იყო საჯაროდ გაცხადებული მიზანი). 2015 წლის ივნისში ეს ადგილი ქალაქის ბოლო ასწლეულის ისტორიაში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყალდიდობის ეპიცენტრი იყო, რომელმაც რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე და თბილისის ზოოპარკის ბინადრები იმსხვერპლა. თბილისის მერიამ ამ სტიქიის შემდეგ, მაინც გადაწყვიტა კატასტროფის ზონაში, წყალდიდობის შედეგად დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენა, რომელსაც დამატებით 15 მლნ ლარამდე დასჭირდა. არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკის და მიღებული გადაწყვეტილებების უწყვეტი ჯაჭვით, ამ მოედანზე არსებული საცობები არათუ გაქრა, არამედ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა, რადგან ახალმა ინფრასტრუქტურამ ავტომობილების უფრო მეტი ნაკადი მიიზიდა. ბიუჯეტიდან უსარგებლოდ დახარჯულ მილიონებს კი მოგვიანებით, ადამიანური ტრაგედიაც დაემატა. თუმცა წყალდიდობისა და ვერეს ხეობის დატბორვის ზონად მიჩნევის მიუხედავად, საგზაო ინფრასტრუქტურის გარშემო შექმნილი სივრცე დღესაც მიმზიდველია კერძო დეველოპერებისთვის, რომლებიც უძრავი ქონებით სპეკულაციით და ქალაქის ადმინისტრაციის ხელშეწყობით განაგრძობენ მოგების მაქსიმიზაციას!

Avatar
გიორგი კანკია
ურბან გეოგრაფი და ქალაქმგეგმარებელი
შემდეგი პოსტი
წინა პოსტი